ქართველი ახალგაზრდები აშშ-ში Microsoft Office-ისა და Adobe-ს პროგრამების ჩემპიონატზე მიემგზავრებიან No ratings yet.

ქართველი ახალგაზრდები პირველად მიემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში Certiport-ის (Pearson VUE business) ორგანიზებულ ჩემპიონატზე, რომელშიც ისინი Microsoft Office-ისა და Adobe-ს სპეციალისტის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებენ. კონკურსანტებს შეჯიბრში მონაწილეობის საშუალება მისცა ოფის აკადემიამ და მისი მეშვეობით ისინი 27 ივლისს გაემგზავრებიან ორლანდოში, ფლორიდის შტატში.

აღსანიშნავია, რომ ეს ჩემპიონატი მნიშვნელოვანი მოვლენაა დამსაქმებელთათვის, რადგან წელიწადში ერთხელ მსოფლიოში საუკეთესო ცოდნისა და უნარების მქონე ადამიანები იკრიბებიან აშშ-ში, კონკურსი კი მათ შორის საუკეთსოს გამოავლენს. შესაბამისად ქართველი ახალგაზრდებისთვის ეს არის შანსი არამარტო გამოსცადონ საკუთარი თავი, არამედ  წარსდგნენ საერთაშორისო დამსაქმებლების წინაშე. კონკურსი ქართველ მონაწილეებს საშუალებას მისცემს ფართო აუდიტორიას გააცნონ საკუთარი ქვეყანაც. აღსანიშნავია, რომ შერჩეულმა კანდიდატებმა ოფის აკადემიაში უკვე გაიარეს ტრენინგ-კურსები და სასერტიფიკატო გამოცდაზე აჩვენეს რა უმაღლესი ქულები, გახდნენ საქართველოს ჩემპიონები, რაც მიანიშნებს მათ უნარებსა და შესაძლებლობაზე, დაიმსახურონ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება.

ოფის აკადემია არის ტრენინგ-ცენტრი, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში კომპიუტერული უნარების განვითარებასა და წინსვლაზე ორიენტრებული ბიზნეს საზოგადოების შექმნას, ხოლო ამის მისაღწევად კომპანია იყენებს საგანამანათლებლო, სასერტიფიკატო და სხვა ღონისძიებებს. ოფის აკადემია Certiport-ის ადგილობრივი წარმომადგენლის პარტნიორია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ჩემპიონატში ქართველი ახალგაზრდების ჩართვაც. Certiport, თავის მხრივ, არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც საგანმანათლებლო და საგამოცდო ცენტრებს სთავაზობს საერთაშორისო პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებულ ტესტებს Microsoft-ის, Adobe-სა და სხვა პროგრამებში. ამასთანავე, Certiport არის Microsoft-ის, Adobe-ის და Autodesk-ის ოფიციალური პარტნიორი და გასცემს მათ საერთაშორისო სერტიფიკატებს, რომელიც ადასტურებს მფლობელის ცოდნასა და უნარებს. შესაბამისად, ამ კომპანიის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში პროგრამებისა ცოდნის ზრდასა და უნარების განვითარებას, რისთვისაც ყოველ წელიწადს ატარებს საერთაშორისო ჩემპიონატს ყველა პარტნიორი ქვეყნისათვის. კონკურსი ტარდება მხოლოდ Microsoft Office-ისა და Adobe-ის პროგრამებში. მასში მონაწილეობენ 13-იდან 23-წლამდე ახალგაზრდები. ამჟამად ჩემპიონატი გაიხსნება 29 ივლისს და დაიხურება 1-ლ აგვისტოს. კონკურსის დასასრულს გამოვლინდებიან გამარჯვებულები: პირველ ადგილზე გასული კანდიდატი ჯილდოს სახით მიიღებს $7000, მეორე ადგილზე – $3500, ხოლო მესამე ადგილზე – $1500.

Please rate this

share